შიდა ქართლი

10535


479 подписчиков
ВЫ ПОДПИСАНЫ

შიდა ქართლი


ისტორია


  • მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ ნაწილს ისტორიული შიდა ქართლისა, რომელსაც ძველად ზენა სოფელი ეწოდებოდა. თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად.


  • შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით — კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.


  • XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლი ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.


ზოგადი ცნობები

ტერიტორიის ფართობი — 4807 კვ. კმ

ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი

მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75 კმ.

კლიმატი – მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 °C, შესაძლებელი მაქსიმუმია 42 °C, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი - 32 °C. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ²-ზე) — 1000-1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500 მმ-ია, მაქსიმუმი – 760 მმ, მინიმუმი 330 მმ.

წყლის ძირითადი არტერიები — მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარა ლიახვი, მეჯუდა, ტანა, ქსანი, თორთლა, თეძამი, ჭარებულა, ლეხურა, სურამულა, ფრონე, ძამა და სხვა. ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.

მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 373 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:


ქალაქი - 4: გორი, კასპი, ქარელი, ხაშური;

დაბა - 2: სურამი, აგარა;

სოფელი - 366

გეოგრაფია

შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონისა და მუხნარის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლესობა უძველეს დროიდანაა გამოყენებული სარწყავად.


მდინარე აღმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი. მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში გამოქვაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით, მტკვრის პირას მდებარეობს აშურიანის ველი, რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შრომის გარკვეული ორგანიზაციის საფუძველზე შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.


ადგილობრივი მმართველობა

შიდა ქართლში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.


მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:


გორის მუნიციპალიტეტი;

კასპის მუნიციპალიტეტი;

ქარელის მუნიციპალიტეტი;

ხაშურის მუნიციპალიტეტი;


შიდა ქართლის მეხილეობის ზონა


თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი.

კურკოვნები: ატამი, ქლიავი, გარგარი, ალუჩა, ტყემალი, ალუბალი, ბალი, შინდი, ღოღნოშო, ჭანჭური.

კაკლოვნები: კაკალი, თხილი, ნუში.

მშრალი სუბტროპიკები: ლეღვი, ბროწეული, ხურმა.

კენკროვნები: მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, მარწყვი, მაყვალი, კოწახური, ქაცვი.


შავკაპიტო, ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული. მისგან იწარმოება კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო, რომელიც გამოირჩევა ლამაზი შეფერილობით, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ალკოჰოლისა და მჟავის ნორმალური შემცველობით – ანუ ყველა იმ თვისებით, რაც დამახასიათებელია სუფრის და ცქრიალა ღვინოებისათვის. ქვევრის ღვინო მცენარეული და კენკრის (მაგალითად, მწიფე შინდის) ტონებით ხასიათდება. 


ქართლი მეღვინეობის გამორჩეული რეგიონია საქართველოში, რომელიც ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ვენახები გაშენებულია მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების - ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე. ქართლს, ისევე როგორც სხვა რეგიონებს, აბორიგენული ჯიშები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ქართლში გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო და საფერავი. ასევე გვხვდება იშვიათი ჯიშები: ჭყლაპა, ანდრეული, არაგვისპირული, გრძელმტევანა, მელიკუდა, ჭროღა, ხარისთვალა, ძელშავი. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია უცხოური ჯიშებიც: ალიგოტე, პინო შავი და თეთრი, შარდონე და სხვა. ქართლში, ისევე როგორც კახეთში, გავრცელებულია ტრადიციული და ევროპული მეღვინეობა. ადგილწარმოშობის ღვინის ჯიშებიდან ერთ-ერთი _ „ატენური“, სწორედ ქართლში იწარმოება.

TOP.GE