დაბა და კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. კურორტი სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად მიეჭინა კურორტის სტატუსი. ბახმაროს სეზონი ზაფხულში დაახლოებით ორ თვეს გრძელდება და კულმინაციას ყოველი წლის 19 აგვისტოს ტრადიციული დოღისა და დღესასწაულის დროს აღწევს.
- იური სიხარულიძის აზრით ბახმარო სვანური წარმოშობისაა და კაცის გადასასვლელს ნიშნავს. „ბახ“ არის გადასასვლელი, ხოლო „მარო“ არის სახეცვლილება სვანური „მარესი“, რომელიც კაცს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ - ნახეთ თქვენი მარო.
ჰავა
- დასავლეთის მხრიდან ბახმარო ღიაა, რის წყალობითაც ხეობაში იჭრება ზღვის თბილი ქარი – ბრიზი. გაზაფხულსა და ზაფხულში გაბატონებულია ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები. მთა-ველის ქარების სიჭარბე (საშუალო სიჩქარე – 2-3 მ/წმ) კურორტის კარგ განიავებას უწყობს ხელს, ამიტომ ჰაერი აქ მუდამ სუფთა და გამჭირვალეა. ეს ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს. წლიური საშუალო ტემპერატურაა 3,4 °C. ზამთარი აქ ზომიერად რბილია, (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), თოვლის საფარი ძალიან მაღალია (ზოგჯერ 4-5 მეტრსაც აღწევს) და 6 თვემდე რჩება. ზაფხული ზომიერად გრილი და მშრალია, (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C), მზის ნათება წელიწადში 1975 საათის ფარგლებშია. საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუამდე გრძელდება. სექტემბრის ბოლოს შესაძლოა თოვლიც კი მოვიდეს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1900 მმ-ია, შეფარდებითი სინოტივე 73 %-ია.
ფლორა
- ბახმაროს მიმდებარედ მცენარეულობა კანონზომიერად იცვლება, როგორც ზღვიდან დაშორების, ისე სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით. ზღვის დონიდან 1000-1200 მ-მდე გაბატონებულია პოლიდომინანტური შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები, სადაც ტყის შემქმნელი სახეობებია: წაბლი, წიფელი, მუხა, კავკასიური რცხილა, ლეკა, კავკასიური ცაცხვი, მდგნალი, მურყანი. მუხის სახეობებიდან, აღსანიშნავია ბუჩქოვანი ტიპის პონტური მუხა, რომელიც ფართო დაჯგუფებას ქმნის ათობით ჰექტარ ფართობზე სოფელ ჩხაკოურას ზემოთ, ბახმაროს საავტომობილო გზის მიმდებარედ, სამხრეთ-დასავლეთისკენ მიმართულ ფერდობებზე.
- ბახმარო და მის მიმდებარედ მდებარე 30 000 დესეტინა მიწის ფართობი (დაახ. 33 000 ჰა) ეკუთვნოდა გურიის ფეოდალებს, ერისთავებს, რომელთა საცხოვრებელი რეზიდენცია სოფელ გორაბერეჟოულში იყო. რამდენადაც გურულებს მესაქონლეობა სათაკილო საქმედ მიაჩნდათ, აქ საქონელი ღორჯომის ხეობის მოსახლეობას ამოჰყავდა, ხოლო ერისთავები მათგან იღებდნენ „ბალახის ბაჟს“. ეს იყო ერთი თავი ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა.
- ბახმაროს, როგორც სამკურნალო ადგილს პირველმა ყურადღება მიაქცია არტემ დავიდიანცმა, ოზურგეთის მაზრის ექიმმა. დავიდიანცი 1875 წლიდან მსახურობდა ოზურგეთში და ჰყავდა მრავალი ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი. ის თავადაც იყო დაავადებული ტუბერკულოზით. დავიდიანცი პაციენტებს სამკურნალოდ აგზავნიდა აბასთუმანში, სურამში და სხვა კურორტებზე მანამ, სანამ ნაცნობი მწყემსებისგან არ გაიგო, რომ მათ ციებისგან იცავდა აჭარა-გურიის მთებზე ზაფხულის საძოვრებზე არსებული ჰავა. დავითიანცმა 1892 წელს ქრონიკული ციებით დაავადებული რამდენიმე პაციენტი გაგზავნა აჭარა-გურიის მთებში. შემდეგ წელს მან გაგზავნა უფრო მძიმე ავადმყოფები, რომლებსაც ციებასთან ერთად ტუბერკულოზიც ჰქონდათ (დიმიტრი ქიქოძე, ძმები ნესტორ და მ. კონტრიძეები, ი. საბაშვილი). დავიდიანცმა აღმოაჩინა, რომ პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. ამის შემდეგ თავად დავითიანცმა სთხოვა მაზრის უფროსს ჩაფრები და მათთან ერთად გაემართა გურიის მთებში, მოიარა ისინი და ყველაზე მეტად მოეწონა ბახმარო. მანამდე მწყემსები ჩერდებოდნენ პატარა ბახმაროდ და ბაისურად წოდებულ ადგილებზე. დავიდიანცმა ბახმაროში თავისთვის პატარა სახლი ააშენებინა და გურულებს ურჩია, დაეყოთ ბახმარო უბნებად და აეშენებინათ იქ სააგარაკო სახლები. 1894 წელს ბახმაროში უკვე იდგა საზაფხულო სააგარაკო სახლები და ისვენებდნენ ადგილობრივები.1895 წელს დავიდიანცი ექიმ ვადაჭკორიასთან, ბერეჟიანთან და ი. ძიძიშვილთან ერთად კვლავ იმყოფებოდა ბახმაროში. ექსპედიცია ბახმაროში დარჩა (ძვ. სტ.) 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე. ამავე წელს 100-მდე მოაგარაკე ეწვია ბახმაროს. მეტწილად ეს იყო გურიის ინტელიგენცია. 1896 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. 1896 წლიდან ბახმარო და მისი მიწები სახაზინო საკუთრებაში გადავიდა. კურორტს მართავდა ბახმაროს კოოპერატიული საზოგადოების გამგეობა.