ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი

13135

ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ.


ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.


თემის ცენტრი (სოფლები: დიდი მიტარბი, პატარა მიტარბი, თორი, საკოჭავი). წარმოადგენს ბორჯომი - ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს.


კურორტი 

ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება.


ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.


2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს


ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. 


შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ. 


28 ნოემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, სადაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა ფესტივალთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.


შალვა გოგოლაძე (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე):  „ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და აღიარებაა, თუმცა ამავდროულად არის დიდი გამოწვევა რამდენიმე მიმართულებით. ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს ამ უდიდეს სპორტულ ღონისძიებას, რისთვისაც სამინისტრო ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. პირველ რიგში, ბაკურიანში უნდა მოვაწყოთ შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ჩვენს ახალგაზრდა ოლიმპიელებს კი მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა სრულფასოვნად მოემზადონ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ ამ სპორტულ ღონისძიებაზე. საქართველოს უკვე აქვს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება, მათ შორისაა 2015 წლის ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელმაც საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 2025 წელს კი ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე. ვულოცავ საქართველოს ამ დიდ აღიარებას“.


მამუკა ხაბარელი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი): „მთავარი მოტივაცია და მიზანი, როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის, ასევე ჩვენი მთავრობისათვის გახლავთ არა მხოლოდ ის, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ფესტივალი, არამედ ის, რომ განვავითაროთ ზამთრის სპორტი ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ მიმართულებით. ეს პროექტი ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ როგორც სპორტული ტურიზმი, ასევე ზოგადად ტურიზმი განვითარეს ჩვენს ქვეყნაში, ოლიმპური ფესტივალის პერიოდში მთელი ევროპის ყურადღება საქართველოსკენ იქნება მომართული, რაც უმნუშვნელოვანესი ფაქტორია.  


სამთო-სათხილამურო მიმართულებით ბაკურიანის ტრასები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. დაგეგმილია ბაკურიანის ცნობილი ტრამპლინის რეაბილიტაცია, რაც საქართველოს  სავიზიტო ბარათი გახდება, ასევე დამუშავებულია პროექტი ბიატლონის ტრასის მშენებლობისთვის. ოლიმპიური ფესტივალისთვის საჭიროა ორი ყინულის მოედანი და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთი მოედანი ბაკურიანში, ხოლო მეორე მოედანი თბილისში აშენდება“.

TOP.GE