კახეთი

24441

კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.

  • კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

ისტორიული გეოგრაფია - კახეთის სამეფო XI საუკუნეში

  • კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).
  • სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში — „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი — მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა.

კახეთის ხუროთმოძღვრება

დარბაზული და გუმბათოვანი ეკლესიებია: ნეკრესის მონასტერი, ძველი შუამთა, ცხრაკარის მონასტერი, კაწრეთის სამება, ნატკორის ეკლესია, კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია, ხირსის მონასტერი, ახმეტის ღვთაება, ვაზისუბნის ეკლესია, ბოდბის მონასტერი, გორის-ჯვარი, ბაიხოს სამება, ალვანის ნათლისმცემელი, ზედაზნის მონასტერი, აკურის დავით გარეჯელის ეკლესია, სანაგირეს ეკლესია, ერწოს სიონი, კარდანახის საბაწმინდა.

ტრადიციები

  • კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
  • კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.
  • დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

ეკონომიკა

  • ქართლისგან განსხვავებით კახეთში გვიან შუა საუკუნეებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი სახნავ-სათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა. კახეთი დაწინაურებული მეურნეობის ქვეყანა იყო. კახეთში განსაკუთრებით მაღალგანვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებით გავრცელებულია რქაწითელი და საფერავი, ასევე მანავის მწვანე. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. მუშაობს ღვინის ტურიზმი. კახეთის ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელია ისეთი ტკბილეული, როგორიცაა ჩურჩხელა და თათარა. კახეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო მესაქონლეობა. ამ მხრივ გამოირჩეოდა პანკისის ხეობა, რომელიც ცნობილი იყო თავისი მდიდარი ტყეებით, სადაც ღორისთვის მოიპოვებოდა უხვად საკვები. კახეთში მაღალ დონეზე იყო მეაბრეშუმეობაც.
  • კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეურის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.

კახეთის მუნიციპალიტეტები

ახმეტის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი


82 ეკლესია / მონასტერი კახეთში 

  • დავითგარეჯა, ახმეტის ლომისის წმ. გიორგის ეკლესია, ხაშმის (კაწარეთის) სამება, კარდენახის საბაწმინდა, გრემი, ალავერდი, ნეკრესის მონასტერი, ლაშარის ჯვარი , ხირსის მონასტერი, ბოდბის მონასტერი და ა.შ.


ვაზის ჯიშები – კახეთი


კახეთი მეღვინეობის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მარგალიტია. საქართველოს ეს რეგიონი პირველ ადგილზეა როგორც მოწეული მოსავლის, ასევე უცხოეთსა და საკუთრივ საქართველოში ღვინის პოპულარობის კუთხითაც. ამიტომ კახეთს გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩვენს ღვინის წარმოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კახეთში 200–მდე საღვინე ჯიშია აღწერილი, აქ წარმოგიდგენთ იმ ძირითადი ჯიშების აღწერილობას, რომლებიც დღეს ქართული ღვინის თანამედროვე წარმოებაში გამოიყენება.


რქაწითელი


  • ვაზის ეს თეთრყურძნიანი ჯიში კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის და საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამასთან ერთად იგი ფართოდაა გავრცელებული სხვა რეგიონებშიც. რქაწითელის ყურძნის წვენი ფიზიოლოგიური სიმწიფის დაწყებიდან თითქმის დამწიფებამდე ინარჩუნებს შაქრიან-მჟავიანობის სასურველ შეფარდებას. სრულ სიმწიფეს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე აღწევს. რქაწითელისთვის საუკეთესო მიკროზონებია: კარდენახი, ტიბაანი, წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება მაღალხარისხიანი კლასიკური და კახური ტრადიციული ღვინოები, ხშირად გამოიყენება მწვანე კახურთან ერთად.


მწვანე კახური


  • ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, იძლევა ევროპული და კახური ტიპის  მაღალხარისხიან ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მისით გაშენებული ფართობის 96% კახეთშია:  ამ ჯიშის მთლიანი ფართობის 80% მოქცეულია მხოლოდ ორ (თელავისა და საგარეჯოს) რაიონში, დარჩენილი 17% კი დანარჩენ 5 რაიონში. მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრ ჯიშებში მწვანე ყველაზე ნაზ და არომატულ ღვინოს იძლევა. ევროპული წესით დამზადებული მწვანის ღვინო მომწვანო ღია ჩალისფერია, აქვს ხალისიანი, ნაზი, ჰარმონიული გემო. დაძველებისას იგი ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს, რომელშიც მკაფიოდ იგრძნობა ხილის არომატი.


 ხიხვი


  • ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საშუალო პერიოდისაა, სექტემბრის შუა რიცხვებში, ოქტომბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ხიხვიდან დამზადებული კლასიკური ტიპის ღვინო ხასიათდება ეგზოტიკური მცენარეული კერძოდ მინდვრის ყვავილების სურნელით. ასევე დღესდღეობით ხიხვს სხვა ჯიშებთან ერთად  ტრადიციული ტექნოლოგიით აყენებენ და საკმაოდ წარმატებულადაც.


ქისი


  • ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. საშუალო პერიოდისაა. რამდენიმე წლის წინ ჯიშს გადაშენება ემუქრებოდა, ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობით იგი უკვე იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყურძნის ჯიშად. საუკეთესო მიკროზონებია: თელავის, ყვარლისა და ახმეტის რაიონი.


კახური მცივანი


  • თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო კახეთში, მაგრამ დაავადებების გავრცელების შემდეგ მისმა ნარგავებმა მკვეთრად იკლო. მისგან შესანიშნავი ქვევრის ღვინო დგება, ძლიერი, ხასიათიანი და გამორჩეული არომატით.


საფერავი


  • ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. წარმოშობით სამხრეთ საქართველოდანაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა.


გამოიყენება მშრალი, ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საფერავისგან შეიძლება დავამზადოთ ძლიერი, მაღალმჟავიანი, მაღალი ალკოჰოლის შემცველი, მუქი შეფერილობისა და კარგი ტანინიანი ღვინო. ტანინებთან და საღებავებთან ერთად საფერავს თავისი ჯიშური, გამორჩეული არომატები გააჩნია, რომლითაც ყოველთვის იცნობა და რაც მის უნიკალურობასაც განაპირობებს.


TOP.GE