გურია

17170

Robbie Clap Films
13,7 тыс. подписчиков


გურია


გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული ეგრისის ნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. 


გურიის კურორტები:  ბახმარო, გომისმთა, ნაბეღლავი, ურეკი,  შეკვეთილი,  გრიგოლეთი.


ეტიმოლოგია


  • პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში (735-738 წწ), მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, „მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.
  • ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავს გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.
  • არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა გურიანა. სიტყვა „გურია“ იმავე მწერლებს რამდენიმე ადგილას აქვთ მოხსენიებული, მაგრამ არა თემად, არამედ ქალაქად.
  • ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა. მარი ბროსეს აზრით, გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან „გუარე“. ნიკო მარის აზრით გურია მზის შვილს აღნიშნავს. მეგრულ-ლაზურზე „გურ“ მზეს ნიშნავს, ხოლო „ია“ ანუ „უა“ — შვილს, ვაჟს. ნიკო მარი იმასაც აღნიშანვდა, რომ „ეგერიც“ (ეგრისი) ამავე ძირის მქონე ტერმინიაო.
  • ტოპონიმის წარმოშობის შესახებ არსებობს ლეგენდა, თითქოს ინდოეთის მეფე შედათმა, მოინდომა ედემის გაშენება და ბრძანა მთელი ქვეყნის „გურიები“ (ლამაზები) ერთად შეეკრიბათ და მისთვის მიეყვანათ. ერთად შეკრებილი მთელი ქვეყნის „გურიები“ ინდოეთში მიემგზავრებოდნენ და დღევანდელი გურიის მიწაზე იყვნენ როდესაც შედათის სიკვდილის შესახებ შეიტყვეს. მათ გადაწყვიტეს, აქვე დასახლებულიყვნენ.
  • გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება, მევენახეობა, მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა. ღვინო, თაფლი და აბრეშუმის ნაწარმო ექსპორტის საგანს წარმოადგენდა. გურიაში სამეგრელოს მსგავსად მაღლარი ვაზი იყო გავრცელებული. გურიაში მრავალი ჯიშის ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურიაში „ღვინო კეთილი და შემრგო“ დგებოდა. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ბურგუნდიულ ღვინოს ადარებდნენ. 1850-იან წლებში გავრცელებულმა ვაზის დაავადებებმა ვენახები თითქმის გაანადგურა. დაავადებების გავრცელებას გურიის ზღვასთან სიახლოვე უწყობდა ხელს. ამის გამო 1870-იანი წლების ბოლოს კი დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდის, ადესად“ ცნობილი იზაბელას გაშენება დაიწყო, რომელმაც გურიაში არსებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები ჩაანაცვლა.
  • გავრცელებული მარცვლეული კულტურები იყო ღომი, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა სიმინდმა, აგრეთვე პარკოსნები: ლობიო, ცერცვი, ხანჭკოლა. თესავდნენ სელს და ბამბას. 1900-იანი წლებიდან მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა მეჩაიეობა. 1914 წელს აშენდა ჩაის პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა მონოკულტურად იქცა, რომელმაც მანამდე არსებული ყველა სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგი განდევნა. 1990-იანი წლებიდან მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა თხილი.
  • გურიაში მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხა, კამეჩი, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით მრავლად ჰყავდათ ღორი. იშვიათი იყო ცხვარი კლიმატური თავისებურების გამო. აჭარა-გურიის ქედის კალთები დაფარული იყო ტყეთა ტევრებით და ამ მზარის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა ნადირობა. ნადირობდნენ ირემზე, შველზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, დათვზე.
  • XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა იმერეთთან და ახალციხის საფაშოსთან. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას, ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას. 1840-იანი წლებიდან ქალაქ ოზურგეთში ვითარდება მანუფაქტურა, აგურისა და თიხის წარმოება, მეთუნეობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მაღალ დონეზე იდგა არყის წარმოება, XIX საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ხე-ტყის დამზადებას.


მეღვინეობა


ჩხავრის ვენახები, კომპანია „იბერიელი“, სოფელი საყვავისტყე


  • გურიაში გავრცელებული იყო აბორიგენული ვაზის 50-ზე მეტი ჯიში. მათაგნ განსაკუთრებით ცნობილებია ჩხავერი, საკმიელა, მტევანდიდი, კამური, სხილათუბანი, კაბისტონი, კლარჯული, ჯაინი (ჯანი), მტრედის-ფეხა, ორონა, ჭუმუტა. ოზურგეთის მაზრაში 1901 წელს 10 289 მეღვინე ირიცხებოდა. ვაზის დაავადებით, რომლებიც, 1853 წლიდან მძვინვარებდა, ბევრი ვენახი განადგურდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაზის ტრადიციული ჯიშები თანდათანა ოდესიდან შეტანილმა „იზაბელამ“ (ე.წ. ადესა) განდევნა. „იზაბელა“ გურიაში თედორე ვორონცოვ-დაშკოვმა 1844-50 წლებში შეიტანა და მისი პირველი ნერგები დაირგო ოზურგეთის ბაღში დარგო.
  • ამჟამად ვაზის ძველი, ადგილობრივი ჯიშები თითქმის დავიწყებულია. დღევანდელ გურიაში გაბატონებულია დაბლარი ცოლიკოური და მაღლარი ადესა. გურიაში აღმოჩენილია ველური ვაზი მორცხულა, რომელსაც წვრილი, შავი მარცვლები და ღია ფერის თხელი, პატარა ფოთოლი აქვს. ის აქა-იქ მოიპოვება სურებისა და ნაბეღლავის ტყეებში. მევენახეობის უძველესი ტრადიციების დასტურია ტოპონიმები ბახვი, რომელის ღვინის ბერძნულ ღვთაება ბახუსს უკავშირდებდა და ასევე ვაზის გურული ღვთაება აგუნა. გურიაში გავრცელებული იყო მაღლარი ვაზი, რომელიც გაშვებული ჰქონდათ თხმელის ხეებზე. საწნახელს ამზადებდნენ ცაცხვის ხისგან. მას გამოთლიდნენ ტყეში და შემდეგ ხის მორებზე აგორებდნენ შესახილით „ელესა“.


კალანდა  -  გურული კალპიანი ჩიჩილაკი


  • გურიაში ახალ წელს „კალანდას“ ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
  • კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით. კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.
  • საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო. გურული ღვეზელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო.
  • საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.


სპორტული ტრადიციები


  • გურიის სპორტულ ტრადიციათაგან აღსანიშნავია დოღი, ლელობურთი და ბაზიერობა.


  • ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.

TOP.GE