მცხეთა - მთიანეთი

15421


მცხეთა - მთიანეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-MM. 


  • მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 94 573 ადამიანს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 13,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 411 


დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

  • ქალაქი – 2: მცხეთა, დუშეთი;
  • დაბა – 5: ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, სტეფანწმინდა;
  • სოფელი – 404.
  • ეთნიკური შემადგენლობა – ქართველები, აზერბაიჯანელები, ოსები, ასურელები, სომხები, რუსები.


მცხეთა — ქალაქი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7940 კაცი (2014 წ.). არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.

  • მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური თბილის—სამტრედიის ხაზზე. ზღვის დონიდან 480 მ, თბილისიდან 21 კმ (რკინიგზით).
  • მცხეთაში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა (საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8 °C; იანვარი — 1,1 °C, ივლისი — 22,1 °C). იცის ცივი ზამთარი (აბსოლუტური მინიმალური — 29 °C) და ცხელი ზაფხული (აბსოლუტური მაქსიმალური 39 °C). ნალექები 590 მმ წელიწადში.


ეკონომიკა

  • მცხეთა - მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.


  • დუშეთი — ქალაქი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია. დუშეთში არის წილკნის ეპარქიის რეზიდენცია. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, თბილისიდან 50 კმ., ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. დუშეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. სშუალო წლიური ტემპერატურაა 9,7°C, იანვრის საშუალო ტემპეატურაა -1,4°C, ივლისისა 20,4°C. ნალექები 740 მმ წელიწადში.


  • ყაზბეგი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი უმთავრესად მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ხევის ტერიტორიას. 
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთით ისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტით, სამხრეთით საზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ფართობია 1081,7 კმ². მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 მ-იდან 5000 მ-ის ფარგლებში იცვლება. შედარებით დაბალ ზონაში (1700 მ-ის ფარგლებში) ზომიერი ნოტიოა. ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული — გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა — 800 მმ. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-ის ფარგლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C-მდე ეცემა, ხოლო ნალექიანობა 1160 მმ-ს აღწევს. 3600 მ-ზე მაღლა ნივალური ზონაა გავრცელებული. ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. მუნიციპალიტეტი მდიდარია ტბებით. აღსანიშნავია ყელიცადის ტბა, არჩვების ტბა და სხვა. მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კმ²). მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეტისა და დევდარაკის მყინვარები.


  • გუდამაყარი — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ძირითადად განიხილება როგორც მთიულეთის ერთ-ერთი თემი, თუმცა ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილოს ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა.


  • ფშავი - არაგვის ხეობაში მდებარეობს და დღევანდელ დუშეთის მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი ფართობი დაახლოებით 550 კმ²-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს, მაგრამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა, ხოლო თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. სამხრეთი საზღვარი იწყება შარახევიდან და ორწყალ ფშავის ხევით (შუაფხო-უკანაფშავი) მიემართება აღმოსავლეთით და ეკვრის კავკასიონის მთავარ ქედს. ფშავის ზედაპირი სამხრეთით დაგეზებულია. იგი თუშეთ-ხევსურეთისაგან შედარებით უფრო დაბალია. მისი ჰიპსომეტრული სიმაღლე 1000-3000 მ-ია, ამიტომ ფშავის მიდამოს არ ამშვენებენ თეთრწვერად შევერცხლილი მყინვარები, თუმცა მისი ბუნება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ხევსურეთისა და თუშეთისა.


  • ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25′-42°27′ და აღმოსავლეთი გრძედის 44°48′-45°18′ შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კმ² ფართობი. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის (ცენტრი — შატილი).


  • შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).  


ეკონომიკა

მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.


TOP.GE